18 სექტემბერი 2024,   17:18
ვრცლად
თაღლითობაში ბრალდებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე და მისი პარტნიორი - პროკურატურა გამოძიების მიერ მოპოვებულ მთავარ მტკიცებულებებს ასაჯაროებს

ხმოვანი შეტყობინებები და სატელეფონო მიმოწერა, სისხლის სამართლის იმ საქმეში დევს, სადაც ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ბრალდებულია. გენერალურმა პროკურატურამ მტკიცებულებები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაასაჯაროვა.

ჩანაწერების მიხედვით, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, დამკვეთს იახტის ჩამოყვანას ჰპირდება, რის სანაცვლოდაც, პროკურატურის ინფორმაციით, მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა აღებული. სატელეფონო საუბრებით ირკვევა, რომ ის დათქმულ ვადებს არღვევს და დამკვეთს ატყუებს. გამოძიების ინფორმაციით, ჩიკვაიძე საზღვაო ტრანსპორტის ჩამოყვანის შეფერხების მიზეზად გამოგონილ ვერსიებს ასახელებდა, მათ შორის, უამინდობას და იახტის ძრავის დაზიანებას.

მეტი დამაჯერებლობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე დამკვეთს ვიდეოებსაც უგზავნიდა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, სულ სხვა იახტაზე იყო გადაღებული.

საქმის მასალების ნაწილი, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძის მიერ, ერთ -ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო გაასაჯაროვა. ჩიკვაიძე ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე თავდაპირველად, მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა, თუმცა პოლიტიკური დევნის მიზნით ხელახლა დაიწყო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ გამოძიება არცერთ ეტაპზე არ შეწყვეტილა. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული დეტალები განმარტეს. ოფიციალური ვერსიით, 2024 წლის იანვარში კომპანია "ელთ ბილდინგის" საჩივრის საფუძველზე, აჭარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვების შემდგე კი, საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის გაზაფხულზე, გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნეს პარტნიორ, ირაკლი პაპიაშვილი, ბათუმში "ელთ ბილდინგის" დამფუძნებელს, ელგუჯა თურმანიძეს შეხვდნენ და იახტ კლუბის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მეტი სანდოობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჩიკვაიძემ და პაპიაშვილმა კომპანიასთან აპარტამენტების შესაძენად, ხელშეკრულება დადეს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იახტა ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს არ უყიდიათ, შპს "ელთ ბილდინგმა" გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. გამოძიების ინფორმაციით, 1 555 019 ათასი ლარიდან, ბრალდებულებმა კომპანიას უკან მხოლოდ 50 000 ევრო ჩაურიცხეს.

გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს, გამოძიება დიდი ოდენობით თანხის, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო უკვე აქვთ შეფარდებული. ეკრძალებათ ქვეყნის დატოვებაც. "კურიერთან" ჩიკვაიძემ კომენტარი არ გააკეტა, მიმდინარე საქმის დეტალებზე, ამ ეტაპზე, საუბარი არც მის ინტერესების დამცველს სურს.

სამართლებრივი გზებით ბრძოლას განაგრძობს დაზარალებული მხარე. "ელთ ბილდინგის" დამფუძნებლის, ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გიორგი ჩიკვაიძის საჯარო განცხადებები სიცრუეა და ამას საქმის მასალებიც ადასტურებს.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების საქმეზე, საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვები მიმდინარეობს.

დღის ამბები