19 სექტემბერი 2024,   16:37
ვრცლად
გიორგი გახარიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს გუნდისა და კოალიციის ყველა წევრის თანხმობით - კონსულტაციებთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს - ირაკლი კუპრაძე

ახალი ოპოზიციური ერთობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მოვისმენთ - გაერთიანებაზე გიორგი გახარია გუშინვე თანახმა იყო, მამუკა ხაზარაძე კი დილიდან გუნდში კონსულტაციებს მართავს. მან, საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ერთდღიანი ვადა ითხოვა.

არ არის გამორიცხული, დღეს ისევ ორბელიანების სასახლეში შეიკრიბონ, გუშინ პრეზიდენტის მედიაციით შეთანხმება ვერ შედგა.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "კურიერის" ჟურნალისტს მხოლოდ ის განუცხადა, რომ ინფორმაცია თავის დროზე გახდება ცნობილი.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი და კოალიცია ”ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გახარიას გუნდთან კონსულტაციები მიმდინარეობს კოალიციის ყველა წევრის თანხმობით, და არანაირი წინააღმდეგობა ამ კონსულტაციებთან დაკავშირებით არ არსებობს.

"გიორგი გახარიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს გუნდის და კოალიციის ყველა წევრის თანხმობით. არანაირი წინააღმდეგობა ამ კონსულტაციებთან დაკავშირებით არ არსებობს. "ძლიერი საქართველოს" კოალიციაში შემავალი ოთხივე სუბიექტი თანახმაა და მხარს უჭერს ამ კონსულტაციების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კონსულტაციები არც იქნებოდა. იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული რაიმე გაერთიანებაზე, უნდა არსებობდეს საბოლოო შეთანხმება, რა პირობებით ვერთიანდებით. ეს შეთანხმება, საბოლოო დოკუმენტი, ამ ეტაპისთვის, არ არსებობს,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, საჭიროა, გუნდშივე, დემოკრატიულად შეჯერდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები.

"საჭირო არის, მოხდეს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გათვალისწინებით, ამ კონკრეტულ თემაზეც შიგნით, დემოკრატიული აზრთა შეჯერება, ამიტომ არის საჭირო დამატებითი დრო და ამ დროში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოალიციის ”ძლიერი საქართველო” ერთ-ერთი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები