19 სექტემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ეს ახალი სანქციები უკვე წითელ ზღვართან მიახლოების ნიშანია - ლევან მაჭავარიანი

შეტევა ხორციელდება სასამართლო ინსტიტუტზე, შემდეგ გაგრძელდა უკვე პოლიტიკოსებზე, დეპუტატებზე და ახლა შეტევა გრძელდება სამართალდამცავ უწყებებზე - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, თუ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან პარტნიორობა სურს, ქვეყანა ამისთვის მზად არის, თუმცა ის არასდროს შეეგუება "კოლონიალისტურ დამოკიდებულებას".

"ეს ახალი სანქციებიც უკვე წითელ ზღვართან მიახლოების ნიშანია. სამართალდამცავ უწყებებზე როდესაც ხდება ასეთი დისკრედიტაციის კამპანიის შექმნა, ეს უკვე არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და როდესაც ეს კეთდება წინასაარჩევნოდ, აქ ყველაფერი უკვე ნათელია, რატომ და რისთვის კეთდება. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით კოლონიალისტურ დამოკიდებულებას ან ვიღაცამ რომ შეგვხედოს, როგორც ვასალს. თუ ჩვენთან სურთ პარტნიორობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საქართველოს რამდენჯერაც უჩივლა, იყო "რუსთავი 2-ის საქმე", გვარამიას საქმე, უგულავას საქმე და კიდევ მრავალი საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ. აბსოლუტურად, ყველა ამ საქმეში გაიმარჯვა საქართველომ და არ დაუკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი არცერთ ამ პირს, ვინც ახლა მე ჩამოვთვალე. ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი არის, რომ უკვე შეტევა ხორციელდება სასამართლო ინსტიტუტზე, შემდეგ გაგრძელდა უკვე პოლიტიკოსებზე, დეპუტატებზე და ახლა შეტევა გრძელდება სამართალდამცავ უწყებებზე," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო. აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

მთავრობის ცნობითვე, ითქვა ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია.

 

დღის ამბები