16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"შეუძლებელია, რომ ქართველ ხალხს აიძულონ რუსეთს მოუხადონ ბოდიში" - ირაკლი კუპრაძე

მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რაც მხოლოდ შერიგების და ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვინც შერიგების იდეას უპირისპირდება, ის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგია.

პრემიერმა გაიხსენა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს გადადგმული ნაბიჯები და თქვა, რომ ეს იყო გარედან მართული მიზანმიმართული სვლები, რამაც 2008 წელს ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა. 

პრემიერის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ გამოხმაურებია, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სამთავრობო გუნდის ახალი პოლიტიკა, რომელიც  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება, რეალურად არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

როგორც ოპოზიციაში ფიქრობენ, განცხადებებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე აკეთებენ, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ქართველ ხალხს რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას ვერავინ აიძულებს. 

"შეუძლებელია, რომ ქართველ ხალხს აიძულონ რუსეთს მოუხადონ ბოდიში. დღეს ის რასაც ივანიშვილი სთავაზობს ქართველ ხალხს არის რუსეთისთვის, ოკუპანტისთვის, ანწუხელიძის მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდა, რაც არ გაუვა არც ივანიშვილს და არც არცერთ ხელისუფალს,"- აცხადებს ირაკლი კუპრაძე. 

დღის ამბები