ევროკავშირის ელჩის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ "ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება" - უკვე გამოეხმაურა სახელისუფლებო პარტია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულაცია.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ზოგიერთი ძალა ამ თემებს იყენებს, რათა გარკვეული გავლენები მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ამ საკითხებს იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე საარჩევნო დარღვევებზე, მაშინ როცა არჩევნები წინაა,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.