ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებას "დღის კურიერის" ეთერში ეხმაურება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა რეალურად, რომ შეერთებული შტატების ცალკეული პოლიტიკური წრეების მხრიდან ადგილი აქვს ორმაგი სტანდარტით მანიპულირებას.
"ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს იუბილარია და მინდა მას დაბადების დღე მივულოცო. მინდა მთელ ქვეყანას ვუსურვო დიდი წარმატებები, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მისი თავკაცობით, მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატებების მიღწევა ყველა მიმართულებით, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას - "რა იწვევს აშშ-ს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან პოლიტიკურ გაბუტვას?!"
რაც შეეხება საკითხს, რასაკვირველია, ეს იყო ერთობ არაკორექტული იმ ფონზე, როდესაც საუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორებზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ორ სახელმწიფოს შორის. რამ გამოიწვია ეს დემარში, რომელსაც ადგილი ჰქონდა, რამდენად ეთიკურია და ა.შ. ამის შეფასებასთან დაკავშირებით ბევრი რამ ითქვა უკვე, სავსებით სამართლიანი, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. აბსოლუტურად ზუსტი შეფასებები გაკეთდა, მაგრამ საგანგებოდ, რიტორიკულად დავსვათ ეს კითხვა, რომ შევაფასოთ - რა იწვევს აშშ-ის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან პოლიტიკურ გაბუტვას?! - რატომ არის ადმინისტრაცია ამ პოზიციაზე, რომ უნდა გაებუტონ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს და გაწყვიტონ საუბრის შესაძლებლობა. თუ ამაზე დავფიქრდებით, ამაზე ძალიან მარტივად ვიპოვით პასუხს, რომ რეალურად არის ისეთი მიზეზები, რომელზეც ღიად საუბარი შეერთებულ შტატებში შეუძლებელია.
მიზეზებზე ფართოდ საუბარიც არის ალბათ აუცილებელი, მაგრამ ამას აუცილებლად შეფასება სჭირდება. იმიტომ, რომ ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ შეიძლება შეცდომაში შევიდეს ამომრჩეველი. სამწუხაროდ, დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსებს აშშ-ში აქვთ სურვილი, რომ ქართულ საარჩევნო პროცესში ჩაერიონ და კონკრეტული მხარდაჭერა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მაინცდამაინც დიდი დემოკრატიულობით ან ადამიანის უფლებების დიდი პატივისცემით არ გამოირჩეოდა საქართველოში. ეს სამწუხარო რეალობაა და ერთმნიშვნელოვნად, მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებისთვისაც კი თვალსაჩინოა, რომ რეალურად ადგილი აქვს ორმაგი სტანდარტით მანიპულირებას შეერთებული შტატების ცალკეული პოლიტიკური წრეების მხრიდან. ეს დასანანია, ეს ძალიან ცუდია და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოსთვის, ან შეერთებული შტატებისთვის ეს სასარგებლო პროცესია. ეს არის დიდი შეცდომა. სამწუხაროდ, ამ შეცდომის გზით სიარულს ეს პოლიტიკური წრეები განაგრძობენ დღემდე შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად ამოიწურება. ამოიწურება 26 ოქტომბერს, როდესაც დასრულება რეალურად ის საარჩევნო პროცესი, რომელსაც თვალს ვადევნებთ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. თავდაპირველად, "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. "კურიერის" შეკითხვას თემაზე წერილობით უპასუხა საქართველოში აშშ-ს საელჩომ.