ოთხი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა და სოფელ ჯოყოლოს იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავა. ბრალდების მიხედვით, ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ხალიფატის წარმომადგენელი საქართველოში.
მეორე დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში თურქეთში მიმავალი კიდევ სამი ახალგზარდა: გიორგი კუპრავა, გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია დააკავეს.
დღეს დავით ფირისებიას არასრულწლოვანი და აცხადებს, რომ სამართალდამცავები მასზე ზეწოლას ახდენენ.
არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ კაფე-ბარ დადიანში მუშაობდა და 26 აგვისტოს საღამოს 09:00 საათზე სამსახურიდან გამოსულს გარეთ მანქანით რამდენიმე მამაკაცი დახვდა.
არასრულწლოვანი გოგონას ოჯახმა პროკურატურას მიმართა და მისი იძულებითი დაკითხვის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
არასრულწლოვნის მიმართ არასათანადო მოპყრობის გარდა, დაკავებულის დეიდა და და ამტკიცებენ, რომ დავით ფირისებიაც უდანაშაულოა.
ადვოკატები არ უარყოფენ, რომ დავითი და მასთან ერთად დაკავებული ორი ბიჭი მართლაც იცნობდნენ ამ საქმეზე სოფელ ჯოყოლოს სპეცოპერაციის დროს დაკავებულ იმამს, აიუფ ბორჩაშვილს. აიუფი ახლო ღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯიჰადისტის, ისლამური ხალიფატის ერთ-ერთი მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ნათესავია.
საქმეში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო, თუმცა ჯერჯერობოით კვლავ უცნობია, დაიწყო თუ არა პროკურატურამ არასრულწლოვანის დაკითხვის კანონიერების შესწავლა.
ავტორები:ლაშა კვესელაძე, თეა ვარშალომიძე, ლევან თეთვაძე, ლევან აბულაძე