ჯანმრთელობის პრობლემების გამო ოჯახს ფული დასჭირდა. გირაოდ საცხოვრებელი სახლი გამოიყენეს. ვალი ვერ გადაიხადეს და ახლა, ახალი მეპატრონე ან ვალის დაბრუნებას ან საკუთარ ქონებას მოითხოვს.
ეს ისტორია 2011 წელს დაიწყო და წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ჩახლართული ხდებოდა.
ადვოკატები აპროტესტებენ გამოსახლებას და კითხვები აქვთ ანესაშვილების სახლის სამივე მფლობელთან და მათ მიერ მიღებულ თანხებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთვარი კითხვა კი ამ ისტორიის ალბათ საკვანძო პირს, შუამავალს - ირინა ქარქუსაშვილს უკავშირდება.
პოსტსკრიპტუმმა ამ ისტორიის ყველა მონაწილესთან დაკავშირება სცადა. უმეტესობამ ინტერვიუზე უარი გვითხრა. კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ პირველი მევალე არსენ ტოროშელიძე და ბოლო მევალე და ამჟამად სახლის მფლობელი ეკატერინე გვიმრაძე დათანხმდნენ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ანესაშვილების გამოსახლებას წინ ვერაფერი დაუდგება. მათ ყოფილ სახლს უკვე დიდი ხანია სხვა მფლობელი ჰყავს, რომელიც კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას მოითხოვს. არსებობს კანონის პროექტი რომელიც შეაჩერებს გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ის ძალაში ჯერ არ არის შესული.
ანესაშვილების გარდა, მხოლოდ სოფელ ხელთუბანში გამოსახლებას კიდევ ორი ოჯახი მოელის. მთელ საქართველოში ასეთი ასობით ოჯახია.
ავტორი:პაატა იაკობაშვილი