ზღვის დონიდან 1 260 მეტრზე მდებარე შხივანა, რაჭაში გამორჩეულად ლამაზი სოფელია. 2002 წლის აღწერით აქ 41 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ამჟამად პრაქტიკულად დაცლილია. თვალწარმტაცი ბუნებისა და უნიკალური კავკასიური ფიჭვის ტყის წყალობით, რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობს, შხივანა სიცოცხლის დაბრუნებას ზაფხულობით, დამსვენებლების ხარჯზე ახერხებს, თუმცა უკვე მეორე წელია შემოდგომის დადგომისთანავე დაცლილი სოფლის სიმშვიდეს ტრაქტორების, სატვირთო ავტომობილებისა და ხერხის ხმა აყრუებს.
წლების წინ, მშობლიური ტყის გაჩეხვისგან გადასარჩენად, ოთხმოც წელს გადაცილებული კოწია სირაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ნაჯახით შეიარაღებული ის სოფლის გზას კეტავდა და სატვირთო ავტომობილებს ტყისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
სოფელში დარჩენილი მოხუცები შხივანას ტყეში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე იმ სატვირთო ავტომობილების რაოდენობით მსჯელობენ, რომლებითაც ყოველდღიურად, მათი სოფლიდან, მოჭრილი ხის მორები გააქვთ.
ავტორი:გიორგი გვიშიანი