"რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს?" - ნიკა გვარამიას ეს ფრაზა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას ისინი მიხვდებიან რამხელა ანგარიშით დამარცხდნენ.
"როდესაც 26 ოქტომბერს ისინი შეიტყობენ რამხელა ანგარიშით არიან დამარცხებულები, [შეეცდებიან] რამენაირად, რომ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში და შემდეგ იქ უკვე ისეთი მოქმედებები ჩაიდინონ, რომელიც ტემპერატურას კიდევ უფრო გაზრდის, თავიანთვე თანაგუნდელებზე განახორციელონ თავდასხმები - ასეთი ინფორმაცია ჩვენთან მოდის მათივე პარტიის წევრებისგან და რამენაირად ქვეყანა მიიყვანონ რევოლუციამდე.
თუმცა ეს არის შეუძლებელი, მნიშვნელობა არ აქვს გარედან ჩაერევა ვინმე, თუ შიგნიდან დააპირებს ამის განხორციელებას, ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყველანაირ პრევენციას მოახდენენ ასეთი ქმედებებისა. ყველაფერს გაეცემა ძალიან მკაცრი პასუხი,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.