რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის პროცესზე განაცხადა, რომ მისი დედა მდინარა გიორგობიანი არ არის მისი ოჯახის წევრი. მისივე თქმით ის იყო დისტანცირებული იმ საქმისგან, რომელიც მისი დედის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ურთმელიძე ასევე განმარტავს, რომ მისი ცოლის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი არ იყო მასთან შეთანხმებული.
"მეუღლის განცხადებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ მხარე ვალდებულია არა მარტო მისი სასარგებლო მტკიცებულებები წარმოადგინოს, არამედ მისი საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც. დღეს ჩვენ ეს ვერ ვნახეთ, რადგან წარმოდგენილია მხოლოდ კომენტარები, მაგრამ რაზე იყო ეს კომენტარები გაკეთებული, რაზე იყო ჩემი მეუღლის მხრიდან ეს არ ჩანს. ამიტომ, შეუძლებელია გარკვევა იმისა, თუ რამდენად იყო მიკერძოებული ან რა რეაქცია ჰქონდა ქალბატონ მირანდა გურგენიძეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ ჩემი მეუღლის რეაქცია იყო, რომ ბატონმა ნიკა გვარამიამ თავის საჯარო გამოსვლაში მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული, მოსამართლე, რომელმაც თვითმკვლელობას მოაწერა ხელი საშუალებას არ მისცემს ბატონი ნიკა გვარამიას, რომ ის დარჩეს საქართველოში, დარჩეს პროფესიაში და რომ მას ფეხქვეშ მიწა დაეწვება და ა.შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მეუღლის რეაქცია იყო ამ საკითხზე. მიუხედევად ამისა, რაზე იყო ჩემი მეუღლის რეაქცია, მოგახსენებთ, რომ ეს განცხადება არ იყო ჩემთან შეთანხმებული, მის თვალსაზრისს ამ კუთხით მე არ ვიზიარებ, გარდა ამისა, მიგითითებთ, რომ მეუღლე არ გახლავთ მოსამართლე, ის არ არის შეზღუდული პროფესიული ეთიკის წესებით და ეს ეხება უშუალოდ მოსამართლეს. ერთი პოსტი ეხება უშუალოდ ნიკა გვარამიას, მას საერთო არ აქვს რუსთავი 2-თან, ხოლო დანარჩენ ნაწილში, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, არ არის დადგენილი თუ რასთან დაკავშირებით იყო ეს, ვისთან მიმართებაში ავრცელებდა აღნიშნულ მოსაზრებებს მირანდა გურგენიძე, ამიტომ შეუძლებელია ამის შეფასება. როგორც ბატონი ნიკა გვარამია პროცესზე აცხადებს, ასევე ტელევიზიით რამდენიმეჯერ განაცხადა, ის სპეციალურად ამწვავებს მოსამართლესთან ურთიერთობას, რომ გამოიწვიოს შესაბამისი რეაქცია, რაც აცილების საფუძველი გახდებოდა. ამიტომ, ყველა ის საფუძველი, რომელიც დღეს არის მოხმობილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ტალღაზეა გაკეთებული არ არსებობს ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე იქნეს აცილებული,"-განაცხადა ურთმელიძემ.
ეს განმარტებები მოსამართლე ურთმელიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მან არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის მოთხოვნა ურთმელიძის აცილების შესახებ.