16 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა - ნათია მეზვრიშვილი

უშედეგო კონსულტაციების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს. საკითხს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ურთიერთბრალდებების თემაა, ახლა ზურაბიშვილის ულტიმატუმიც მოჰყვა.

პრეზიდენტი, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, თავად ოპოზიცია კი მისივე დაწერილი ქარტიის პუნქტების უგულებელყოფაზე მიუთითებს, პარტიებისგან ითხოვს დაადასტურონ თითოეული პუნქტის ერთგულება ან, ხელმოწერა უკან წაიღონ.

ქარტიაში კი წერია, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემდეგ უნდა მოხდეს. ვის მოიაზრებს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში ჯერჯერობით უცნობია.

“ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. ამის გამო დავუშვით ჩვენ ის კომპრომისი, რომელიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში,“ - აცხადებს პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი

პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქარტიის ერთგულები არიან და ყველა პირობას შეასრულებენ.

“ჩვენ ქარტიის ერთგულები ვართ და შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა პირობას. არ ვიცი რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა დარჩენილი არჩევნებამდე, შეიძლება სჯობდეს, რომ არჩევნების შემდგომ სწრაფად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. ჩვენ - ოპოზიციურ პარტიებს, ძალიან მალე შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას ქვეყნის სწორ მართვასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები