სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია მოსახლეობას დახმარების თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს ხვალ ხუთშაბათს დილიდან შეიკრიბონ როგორც რუსთავი 2-ის შენობასთან, ასევე სასამართლოსთან და არ მისცენ უფლება იძულების აღსრულების გზით დახურონ რუსთავი 2.
ნიკა გვარამია ხელისუფლებასაც მიმართავს და ამბობს, რომ თუ ამ პროცესებში მისი ოჯახის წევრს, თანამშრომელს ან თანამშრომლების ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებათ ის იბრძოლებს მათთან ერთად სიმართლის დასაცავად.
"დღეს ამას ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ არ მქონდეს უკან დასახევი გზა. ვიჭრი ყველა უკან დასაბრუნებელ გზას იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ და არ ვიცი როდის რა მოხდება ჩემს თავს. ამას ვამბობს საჯაროდ მე მზად ვარ ყველაფრისთვის გარდა ერთისა-იმ ვითარებაში თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმა მაინც ჩამოვარდება თავიდან, იმ ვითარებაში თუ ჩემს თანამშრომლებს, ან მათი ოჯახის წევრებს ერთი ღერი თმა მაინც დასცვივდებათ თავიდან, პირდაპირ გეუბნებით ყოველგვარი მართლმსაჯულების გარეშე არ დაველოდები არაფერს, ყველგან სადაც მოგწვდებით გაზღვევინებთ ძალიან მძიმედ. იმიტომ, რომ თქვენ თვითონ შეხვედით ამ ჩიხურ მდგომარეობაში და შეიყვანეთ ქვეყანა.
ან დაიხევთ უკან და დაანებებთ მედიას თავს და მოგვცემთ მშვიდობიანი პროფესიული განვითარების საშუალებას ან ეს ვითარება პირველ რიგში დაგაზარალებთ თქვენ და ძალიან მძიმედ დააზარალებს ქვეყანას.
მოგმართავთ ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, დაგვიდექით გვერდზე. მოგიწოდებთ დადექით რუსთავი 2-ის შენობასთან ხვალ იმიტომ, რომ არ მოვიდეს იძულებით აღსრულების მექანიზმი და აქედან არ გაუშვას ის ადამიანები, რომლებიც
თქვენ ყოველ დღე სიმართლეს გეუბნებათ და არ შემოვიდნენ ისინი, ვინც ვარდისფერი სათვალეებით გაყურებინებენ სამყაროს. მოდით სასამართლოსთან იმიტომ, რომ ნახონ ჩვენი ძალა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.