25 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
"აშკარაა, რომ 20 ოქტომბრის თავყრილობა დაორგანიზდა NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ - ამაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში" - შალვა პაპუაშვილი

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგი გამართა.

შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გააცნო. დოკუმენტი 1-ლი ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის აქტივისტები ოპონენტებზე ძალადობდნენ, ადგილი ჰქონდა ვერბალურ თავდასხმებსაც. შალვა პაპუაშვილის თქმითვე, დაფიქსირდა ქონების დაზიანების, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანიის წარმოების, კამპანიაში ხელის შეშლის, დეზინფორმაციის გავრცელების, უცხოური ჩარევისა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიის წარმოების არაერთი შემთხვევა.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნულ დარღვევებზე "თვალს ხუჭავენ".

"არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართულნი აგიტაციაში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის მაგალითი. აქ სულელი არავინაა. ნურავინ - უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი - ნუ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა. ეს იყო, ცხადად, "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ. ეს საჯაროდაც ჩანდა. აშკარაა, რომ ამაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები