25 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ლელოს", "ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილმა ტელევიზიებმა 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს, რითაც არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ შემთხვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებას ემსახურებოდა.

პაპუაშვილმა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებითაც გაამახვილა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

"გახსოვთ, ე.წ აღშფოთებული მოქალაქის კამპანია, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობისა" და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები იდგნენ. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სია გასაჯაროვდა, ეთიკის ნიღაბი ჩამოიხსნეს და შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ვნახეთ ე.წ პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა პარტიებს.

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩართული იყო და არის პარტიების კოალიციების შექმნაში. ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურს და ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილნი. პირდაპირ განაცხადა, პლატფორმა, რაც იქნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პარტიული შტაბები, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში.

ხდება ჩვენიო პლაკატების, ჩვენი ბილბორდების დაზიანება, გადაკვრა, დახევა და ა.შ . გარდა ამისა, "ლელოს", "ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილმა ტელევიზიებმა 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს და ამით, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს სხვა პარტიებთან შედარებით.

გიორგი გახარიას პარტიიდან საჯარო მოხელეებთან დაიგზავნა მეილები. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ მათ ეს მისამართები ჰქონდეთ პარტიაში, ამიტომ არის ეჭვი, რომ მათ პარტიასთან ახლოს მყოფ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ, გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის, მეილების მისამართები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები