"რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მობილიზებულია სპეციალური სამსახურების მთელი შემადგენლობები," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.
საძაგლიშვილი ამბობს, რომ სასამართლოზე ხვალ რუსთავი 2-ის იურისტები დააყენებენ კიდევ ერთხელ მოსამართლე ურთმელიძის აცილების საკითხს.
"გამომდინარე იქიდან, რომ პროცესთან დაკავშირებით დაუგეგმავად ვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ 10 საათამდე კიდევ გამოვლინდეს რაიმე ისეთი გავლენა, რისი დაყენების საშუალებაც მოგვეცემა სასამართლო პროცესზე.
ერთი ასეთი ფაქტი მოხდა დღეს. ხელისუფლება ვითომდა სამართლებრივი სივრციდან გავიდა კერძოდ, აქამდე ცდილობდა მოსამართლე ურთმელიძის პირით გავრცელებულიყო ის პოზიცია, რაც სხვა ოთახებში იყო შემუშავებული, ან არაფორმალური პირების მიერ.
დღეს მოხდა ისეთი რამ რაც ყველანაირ სივრცეს სცდება. ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ შანტაჟზე. იმ პირობებში როდესაც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ არა მხოლოდ მოსამართლე არამედ მთელი სპეციალური სამსახურების შემადგენლობაა მობილიზებული
და ტელეკომპანიის დირექტორის შანტაჟითაა დაკავებული.
ჩვენ კიდევ ერთხე დავაყენებთ მოსამართლე ურთმელიძის აცილების საკითხს. მოსამართლე ურთმელიძე არ გვაძლევს საშუალებას მტკიცებულებების წარსადგენად. მოსამართლემ წინა პროცესზე ნიკა გვარამია და ყველა მოპასუხე გააძევა. გამომდინარე იქიდან რომ სასამართლოს არცერთი ქმედება და გადაწყვეტილება არანაირი ნორმების ფარგლებში არ ჯდებოდა ამიტომ უცნობია ჩვენთვის რას გადაწყვეტენ," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.