27 ოქტომბერი 2024,   19:25
ვრცლად
"ხარვეზები თან ახლავს ყველა საარჩევნო პროცესს, მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია" - ირაკლი კობახიძე

"მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად იმოქმედებდა არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების შედეგებზე.

მისივე თქმით, ნებისმიერ არჩევნებს გარკვეული სახის დარღვევები თან ახლავს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს გარემოება არ უნდა არღვევდეს საერთო სურათს.

"ნებისმიერ არჩევნებს ხარვეზები თან ახლავს. კითხვებიც დაისვა კონკრეტული ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით და მომხსენებლისგან ცნობილი გახდა, რომ ის გულისხმობდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანს 3111 უბნიდან. რა თქმა უნდა, ხარვეზები თან ახლავს ყველა საარჩევნო პროცესს, მაგრამ მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, მათ შორის, იმ ტერმინების გამოყენებით, რომელსაც მიმართავდნენ მომხსენებლები.

არჩევნები იყო კონკურენტული. კონკურენტული - თავის თავში გულისხმობს არჩევნების ძალიან ბევრ ასპექტს, მათ შორის, ხმის მიცემის პროცედურას, არჩევნების დღე როგორ ჩატარდა, როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო და ა.შ.

ნებისმიერი ქვეყნის არჩევნების ანგარიში რომ ნახოთ, რა თქმა უნდა, ყველგან არის დაფიქსირებული ინდივიდუალური ხარვეზები, მაგრამ მთავარია როგორია არჩევნების საერთო სურათი და არჩევნების საერთო შეფასება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები