27 ოქტომბერი 2024,   19:16
ვრცლად
"ქუჩის ღონისძიება მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს, ასეთი ქმედებები მათი მხრიდან პირველი არ არის" - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩის ღონისძიებების დაანონსება ახალი არ არის და სამწუხაროა, რომ ისინი გაკვეთილებიდან ვერაფერს სწავლობენ.

მისი განმარტებით, პარლამენტი ოპოზიციის გარეშეც შეიკრიბება და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, რადგან "ქართულ ოცნებას" აქვს საკმარისი მანდატი იმისთვის, რომ ხალხის ინტერესების შესაბამისი კანონები მიიღოს.

"ქუჩის ღონისძიება მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს. ასეთი მოქმედებები მათი მხრიდან პირველი არ არის. "ერთი და იგივე წყალში ორჯერ არ უნდა შეხვიდე", მაგრამ ჩვენი ეს პოლიტიკური კლასი, ეს არის რამდენიმე პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიმბიოზი და მათ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვთ ამ გაკვეთილებიდან. ეს სიმბიოზი გუშინაც დადასტურდა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ მათი განცხადებები სინქრონიზებული იყო არჩევნების არ აღიარებასთან დაკავშირებით. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე გამართეს ბრიფინგები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის სრულად არის მოშლილი.

რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენ ამ მონაცემებით 90-მდე მანდატი გვექნება, დღეს ჩანს, რომ გვექნება 89 მანდატი. რა თქმა უნდა, პარლამენტი მათ გარეშეც შეიკრიბება და ეს კინო 2020 წელს უკვე ვნახეთ. ვცნობთ უფლებამოსილებას და პარლამენტი, "ქართული ოცნება" გააგრძელებს მუშაობას იმ დღის წესრიგით, რომლითაც ჩვენ წარვსდექით ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის შესასრულებლად ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, რომ მივიღოთ კანონები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში იქნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები