არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვები გრძელდება.
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ოპოზიცია კვლავ უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციას სათანადო გამოძიების იმედი არ აქვს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პროკურატურას რომ გამოძიება ნდომებოდა, მას ცესკოს მიმართვა არ დასჭირდებოდა.
"პროკურატურას რომ გამოძიება ნდომებოდა, მას აქამდე არც ცესკოს მიმართვა დასჭირდებოდა და არც ეს საჩვენებელი დაბარებები, პრეზიდენტით დაწყებული ოპოზიციონერი ლიდერებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ჩვენ პროკურატურას გავუწიეთ დახმარება, იმ გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც მისი ვალდებულებაა.
არაერთი განცხადება გვაქვს გაგზავნილი პროკურატურისთვის, როგორც წინასაარჩევნო გარემოს დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე არჩევნების დღესთან დაკავშირებით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი და სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმას" წევრი, ლონდა თოლორაია გამოიკითხა.