20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
თედო ჯაფარიძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსთავი 2-ის შეუფერხებელ მუშაობას ითხოვს. თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მზად არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  

„საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს. მივესალმები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შეუფერხებლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე მაუწყებლობის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტელეკომპანიის მფლობელებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობა და ეფექტური მონიტორინგი. ამასთანავე, არ უნდა დავუშვათ დამოუკიდებელ სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლა ან პოლიტიკური ჩარევა.

მისასალმებელია საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი, თუმცა, დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან ზოგიერთ შემთხვევაში წამოსული არაობიექტური კრიტიკა, რომელიც შესაძლოა განპირობებულია ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციით ან პარტიული სიმპათიებით, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სკეპტიკურად განაწყობს დასავლური ღირებულებებისადმი. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ წმინდა სასამართლო პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ისინი, დაპირისპირებისკენ ღია მოწოდებებით ცდილობენ მსხვერპლად შესწირონ დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულება, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუხმობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ, თვალყური ადევნონ ტელეკომპანიის მფლობელებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს, რადგანაც დღეს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია პოლიტიკური ჩარევებისგან და სასამართლო პროცესები სრულიად გამჭვირვალედ წარიმართება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები