20 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ხვალ „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ გზებზე შეზღუდვას აწესებს. განცხადების თანახმად, 25 ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტება: კრწანისის მოედანი - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე. მოძრაობა დაიკეტება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე წინამძღვრიშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები. მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: სოლოლაკიდან კოტე აფხაზის ქუჩით გადაადგილება მოხდება ასათიანის და თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.

ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ. გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით.

ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით. გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

დღის ამბები