20 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ზეწოლა ჟურნალისტებზე და დღემდე გამოუძიებელი საქმეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექ-სერვისის თანამშრომლებისთვის რუსთავი 2 აკრძალული ტელევიზიაა და ტელეკომპანიის რეგიონულ კორესპონდენტს ლადო მენაბდეს, უკვე მესამე წელია, ხელს არამარტო ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში უშლიან, არამედ ლანჩხუთში ჩასვლასაც კი უკრძალავენ.

ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომლის მხრიდან შეურაცხყოფის, მუქარის შემცველი გამონათქვამებისა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო ლადო მენაბდემ პოლიციასა და პროკურატურას არაეთხელ მიმართა.

პოსტსკრიპტუმმა სცადა გაერკვია, კონკრეტულად რა პრეტენზიები გააჩნია ნუგზარ ცინცაძეს ტელეკომპანიასთან, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, რაიონის გამგებელს კი მისი თანამშრომლის მხრიდან, ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტები არ სმენია.

ამ რეგიონში ნუგზარ ცინცაძე ერთადერთი ჩინოვნიკი არაა, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გურიაში პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიერ ღარიბაშვილისადმი დასმული კითხვა გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძეს არ ესიამოვნა.

პოლიციელმა ჟურნალისტი ღარიბაშვილს გაარიდა და მოშორებით საქმის გარჩევა დაუწყო.

ჟურნალისტსა და პოლიციელს შორის მომხდარი დაპირისპირების ეპიზოდი კამერებმაც გადაიღეს. საქმის გამოძიების მოთხოვნით ირაკლიმ პროკურატურასაც მიმართა.

რეაგირების გარეშეა დარჩენილი იმ ზეწოლის ფაქტებიც, რომელიც საინფორმაციო სააგენტო სამხრეთის კარიბჭეს რედაქციაზე დაახლოებით ერთი წლის წინ განხორციელდა. მაშინ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სტატიის სათაური არ მოეწონათ.

გელა მთივლიშვილი დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკებს პიროვნულად მისი და კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლისა თუ შეურაცხყოფის მისაყენებლად ბიძგი პრემიერმინისტრის ერთ-ერთმა გამოსვლამ მისცა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი მაგალითი უკვე მოხვდა ერთი კვირის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები