ბოლო დღეების განმავლობაში წამებისა და სექსუალური ძალადობის შემცველი ვიდეოკადრები ჯერ უკრაინულ საიტზე, შემდეგ კი საქართველოში სოციალური ქსელებით, ინტერნეტგამოცემებითა და ტელევიზიებით გავრცელდა. სოციალურ ქსელებში აღნიშნულ ვიდეოკადრებს რეგიონებში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აზიარებდნენ მათი ნაწილი კი კადრების ჩვენებას სახალხოდ მართავს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა სამეგრელოში და თბილისში.
სამეგრელოში კადრები მოსახლეობას ქალაქის მერმა, ხოლო თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აჩვენეს. ამ მოვლენების შემდეგ კი პრემიერმინისტრმა კადრები თავად შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასება სიძულვილის ენად არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაფასეს. ღარიბაშვილის განცხადებით მხოლოდ მისი გუნდი აღმოჩნდა კმაყოფილი.
პრემიერმინისტრის შეფასება ზედმეტად ემოციურად თავად ბიძინა ივანიშვილსაც მოეჩვენა, თუმცა თავისმხრივ ყოფილმა პრემიერმაც გააკეთა კადრების შეფასება.
ამ პროცესების პარალელურად ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 20-მდე ოფისი აჭედეს, დაადუღეს, შეღებეს და დაარბიეს, თუმცა რეაგირება მომხდარზე საპატრულო პოლიციას ჯერ არ მოუხდენია.
ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრის სახლში შეიჭრნენ დაარბიეს ყველაფერი და სახლიდან ქვაბი მოიპარეს.
ექსპერტების მოსაზრებით, სიძულვილის ენის გამოყენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია პოლიტიკოსების უუნარობა რაიმე სხვა შესთავაზონ ამომრჩეველს.
ავტორი: პაატა იაკობაშვილი