რამდენიმე თვეა საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა და სპეციალურად ამ მიზნისთვის გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო შეიქმნა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, დიმიტრი ქუმსიშვილი, კი მისი პირველი მოადგილე.
ამავე უწყებაში წელიწადნახევრის წინ PR დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნინო ბორჩხაძე მუშაობდა, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. ნინო ბორჩხაძემ სკაიპ-ით მოგვიყვა, რომ მის დროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში მუშაობდა ზვიად ერემაძე, პირი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსური დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
პოსტსკრიპტუმმა ნინო ბორჩხაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადააამოწმა ინტერნეტში, გამოითხოვა დოკუმენტი ორეგონის შტატის სასამართლოდან, აწარმოა მიმოწერა იემჰილის ციხის წარმომადგენელთან. ყველა წყარომ დაადასტურა, რომ 2007 წელს ერემაძე დააპატიმრეს და ერთ წელიწადში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პირველი ხარისხის ქურდობისთვის და ფასიანი ქაღალდების გაყალბებისთვის. ჯამურად მის მიერ დასაბრუნებელი თანხა 250 ათას $-ს აჭარბებდა.
პოლიციის ჩანაწერები არ მიუთითებს, მისჯილი 19 თვიდან რამდენ ხანს დაჰყო ერემაძემ საპატიმროში. გათავისუფლების შემდეგ პრობაციონერი გახდა, თუმცა პრობაციის ყველა პირობა დაარღვია და ორეგონში დაბრუნების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.
ის სასჯელს საქართველოშიც იხდიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მივიღეთ ოქმები, რომლიც მიხედვითაც ზვიად ერემაძემ სხვა ორ პირთან ერთად რამდენიმე კომპანიის დირექტორს ინვესტორის მოძიებას დაჰპირდა და ინვესტიციის ჩადებამდე ეკონომიკური აუდიტისთვის საჭირო თანხა გამოართვა და ვალდებულება არ შეასრულა.
დაზარალებული მხარის თანხმობით და იმ პირობით, რომ ერემაძე და სხვა დაკავებულები ზარალს აანაზღაურებდნენ მათ 2013 წლის 12 მარტს ამნისტიის კანონი შეეხოთ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.
ამ სასამართლოდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ზვიად ერემაძემ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში დაიწყო მუშაობა. სააგენტომ წერილობით პასუხში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ გაგვიმხილა ერემაძეს ზუსტად რა ევალებოდა.
თავად ზვიად ერემწძესთან გასაუბრება ჩვენ ვერ შევძელით. რამდენჯერმე მივედით ეზოში, სადაც ის ცხოვრობს, ვურეკავდით ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, თუმცა უშედეგოდ.
ავტორი:ლაშა კვესელაძე