20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
კოალიცია ემიჯნება გოგი თოფაძის მოსაზრებებს რუსთავი 2-თან და სტალინთან დაკავშირებით

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელბს. პრემიერი კოალიციის სახელით აცხადებს, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას. წერილი ფეისბუქზე პრემიერის გვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით. 

კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. 

ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი - ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება. 
ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გოგი თოფაძემ გუშინ განაცხადა, რომ რუსთავი 2 დღეს აღარ იქნებოდა. დეპუტატმა ასევე აზრი გამოთქვა სტალინთან დაკავშირებით. მან სტალინს საქართველოს სიმბოლო და გენიალური პიროვნება უწოდა და იქვე განმარტა, რომ საქართველოში ცოტა ხანში სტალინის სურათი დაიკიდება ყველა კაბინეტში. 

თოფაძემ აქვე შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ გორში სტალინის ძეგლი არ დგას. 

დღის ამბები