"ხვალ ძალიან მარტივად შეიძლება გაიხსნას რუსთავი 5,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა 10 დღეში ტელევიზია შექმნას და 3 დღეში მაუწყებლობა დაიწყოს.
"ვერ გავიზიარებ იმ კრიტიკას, იმ აზრს რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას უკან ამ პროცესებში ან ჩართული არის რუთავი 2-ის პროცესებში. რომელ ხელისუფლებას, მითუმეტეს ჩვენნაირ დემოკრატიულ ხელისუფალსშეიძლება, რომ 3 წლის თავზე აწყობდეს ამგვარი ქმედების განხორციელება. ამაში ვერც ერთი საღად მოაზროვნე, ვერც მე ვერ ვხედავ ვერანაირ რაციონალურ აზრს. რა აზრი აქვს თეორიულად, რომ ვინმეს ჰქონდეს
მიზანი რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს, როცა ხვალ შეიძლება გაიხსნას ძალიან მარტივად რუსთავი 5. ჩვენ პირიქით დავეხმარებით, ჩვენს ინტერესებშია რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას, მეტი სააგენტო, გაზეთი იყოს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მეტი სიმართლე გაიგოს. მიიღოს მეტი ინფორმაცია. ინფორმაცია შეიძლება იყოს მიკერძოებული მიუკერძოებელი. ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს არ შეიზღუდოს რაიმე ფორმით მედიასაშუალების ფუნქციონირება, გაზეთების, ინტერნეტ გამოცემების. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ტელევიზიებში გასული მიკერძოებული სიუჟეტები. მე კრიტიკა გამომითქვამს ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობაზე ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელია. ჩვენ ვისმენთ კრიტიკას და ჩვენც გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ.
ხელისუფლება არ დაუშვებს რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს. აქ ჩვენ ერთმანეთისგან სამართლებრივი დავა უნდა გავმიჯნოთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თუ ის ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა მიმართოს სასამართლოს და თუ ის ამას დაამტკიცებს აღიდგინოს,"-აცხადებს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ქიბარ ხალვშის მიერ პროკურატურაში სარჩელების შეტანის პროცესსაც იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურამ მისი განცხადებები არ განიხილა. პრემიერმა მთავრობის წევრებსაც მიმართა და მოუწოდა მათ არ შეაფასონ მოსამართლის გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ რამდენჯერმე მსგავსი შეცდომა თავადაც დაუშვა.
"ბატონი ხალვაში 3 წელია სრულიად უშედეგოდ აბსოლიტურად ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას და დარღვეული უფლებების აღსადგენად. მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას ძალდატანებით რუსთავი 2-ის დათმობასთან დაკავშირებით. ამ ფაქტზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. ჩვენი ხელისუფლების დროს არ ჩავრეულვართ ასეთ საკითხებში. ჩვენ გვესმის სენსიტიურობა ამ საკითხების. ჩვენი პოზიციაა არ ჩავერიოთ ასეთ საქმეებში.
მე კატეგორიულად ვაფიქსირებ, რომ ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას, რომ რუსთავი 2-ის პროცესებში მთავრობა არის ჩარეული. სასამართლოსთან მიმართებაში ძალიან გთხოვთვიყოთ კორექტულები, მეც დამიშვია ასეთი შეცდომები. როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არ არის ჩვენი საქმე. მზად ვართ ვუზრუნველყოთ აბსოლიტურად თავისუფალი გარემო. კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.