რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ხმაურით მიმდინარეობდა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს და საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღება მოითხოვეს, მათ შორის იყო ფინანსური მტკიცებულებაც. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ექსპერტიზა მომზადებულია არაკომპეტენტური პირის მიერ და დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დასკვნა მომზადდა გაყალბებულია. თამაზ ურთმელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის თქმით, ხელმოწერის სიყალბე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
„საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულზე. აღნიშნული შუამდგომლობა მიმდინარე ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კომპანიის ბეჭედი სავალდებულო არ არის აღნიშნული სახის დოკუმენტებისთვის. ხელმოწერის სიყალბე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება,“-განაცხადა ურთმელიძემ.
რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სასამართლოში ხვალ 11:00 საათზე განახლდება.