"დასავლეთი ასე ესაუბრება არადემოკრატიულ სახელმწიფოებს,"-ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას ერთ-ერთი დამფუძნებელი ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და ამბობს, რომ მსგავსი შინაარსისა და ტონალობის ტექსტი საქართველოს აზარალებს.
"ეს არის ალბათ ყველაზე მკაცრი ტონალობის განცხადება რაც მე დიპლომატიურ ენაზე მომისმენია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს არის ტონალობა, როგორშიც დასავლეთი ესაუბრება არადემოკრატიულ ავტორიტატულ სახელმწიფოებს, მაგრამ
არ ესაუბრება საკუთარ პარტნიორებს და დემოკრატიულ სახელმწიფოებს. საკითხებს, როგორიც არის მედიაზე ზეწოლა, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და პოლიტიკური ოპონენტების პატიმრობაში ყოფნა განიხილავენ ერთ კონტექსტში,"- განაცხადა კალანდაძემ.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ თუ რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენები წინასწარ ცნობილი სცენარით განვითარდა საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროინტეგრაციის გზაზე.
"მნიშნველოვანია ის, რომ განცხადებას ხელს აწერს არა ერთი პოლიტიკური ძალის, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი. 3 უდიდესი ძალა ევროპულ პოლიტიკაში ერთხმად ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ ის უახლოეს მომავალში არ შეწყვეტს იმ პოლიტიკას, რასაც ის პოლიტიკური ოპნენტებისა და მასმედიის მიმართ ატარებს საქართველოს ევროპულ მომავალს შეექმნება სერიოზული საფრთხე,"- აცხადებს სამადაშვილი.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია სამადაშვილის პოზიციას იზიარებს.
"თუკი დროზე არ მოხდა ამაზე რეაგირება, რომ ეს აღქმა და ეს პრობლემა განეიტრალდეს საქართველოს ევროპულ მომავალს დაემუქრება საფრთხე, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს დაკნინებას,"- განაცხადა ქუთელიამ.