ციხის სკანდალური კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, როდის უპასუხებს ბრალდებებს ერთი კვირის წინ გახმაურებულ ახალ დეტალებთან დაკავშირებით.
დაკითხვის შემდეგ მან პროკურატურის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
ჟურნალისტ ნინო ჯღარკავასთან გავრცელებულ მიმოწერასთან და ციხის ცნობილი კადრების აქამდე უცნობ დეტალებთან დაკავშირებით კი გამომძიებლების შეკითხვებს ვლადიმერ ბედუკაძე სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
ბედუკაძეს არ განუმარტავს მართლაც ჰქონდა თუ არა ნინო ჯღარკავასთან სოციალურ ქსელში მიმოწერა ციხეში გადაღებულ სკანდალურ მასალებთან დაკავშირებით და მისი გადაღებულია თუ არა ვიდეო, რომელიც გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გავრცელდა.
ბედუკაძის მიერ გამომძიებლებისთვის მიცემულ ინფორმაციაზე არ საუბრობენ არც საგამოძიებო უწყებაში.
პროკურატურაში დღეს მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მოკვლევა არა გადაცემაში გასული მასალების საფუძველზე, არამედ ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას საჩივრის გამო დაიწყეს.
კიდევ ერთი მოწმე, რომელიც განსხვავებული აქცენტების ბოლო რეპორტაჟში გაჟღერებული სკანდალური ინფორმაციის გამო დაიკითხა, ჟურნალისტი ელისო კილაძეა.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ირაკლი შეწირული, თამარ შალოშვილი.