შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არცერთი ტელეკომპანიის სამაუწყებლო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს.
კვირიკაშვილმა მთავრობის მთავარ მიღწევად დამოუკიდებელი მედიაგარემო დაასახელა და აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან მედიაგარემოსთან დაკავშრებით გაჩენილი კითხვები ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დამაბრკოლებელ მიზეზად არ უნდა იქცეს.
„მედიის დამოუკიდებლობა ჩვენს ერთერთ ყველაზე დიდ მიღწევად რჩება. ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ სასამართლო დავას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშრებით. არის მცდელობა, რომ ეს დავა პოლიტიკურ პროცესად გასაღდეს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არცერთი მედიაკომპანიის სამაუწყებლო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.