რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სამაუწყებლო კომპანიისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"უპირველეს ყოვლისა მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში ამ ეზოში, თუ ეზოს გარეთ ჩვენთან ერთად ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, მთავრი მოთხოვნაა, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლონ ჟურნალისტებმა. უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ რუსთავი 2 დღეს ერთიანია.
"ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც, პრაქტიკულად, სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა.
თუმცა ბოლო დღეებში ახალი იარაღი გამოჩნდა და ეს არის შანტაჟი. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით და შემდეგ ვიდეო და აუდიომასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აასრულა.
მე მგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი, რომ რუსთავი 2-ში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო: პირველი, რომ თავად, ნიკა გვარამია დაეზარალებინა, და მეორე თავად რუსთავი 2-ში განხეთქილება შეეტანათ. მე მინდა ამ ჩანაწერების ავტორებსა და სულის ჩამდგმელებს ვუთხრა და გავუცრუო იმედები, რომ ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება და მეორე, რუსთავი 2 დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია და ამისთვის შემიძლია მადლობაც გადაგიხადოთ.
თქვენ ახლა კადრში მხოლოდ იმ ჟურნალისტების ნაწილს ხედავთ, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ, რადგან ახლა უმეტესი ნაწილი გადაღებაზეა გასული და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ეს არის, ჩვენ გვინდა ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მეტს არაფერს ვითხოვთ.
ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან ახლა სასწორზე არა რუსთავი 2-ის კომფორტი და კეთილდღეობა დგას, არამედ ამ ქვეყანში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.
ბატონებო, მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენი თვალთვალისა და შანტაჟის ნაცვლად, ჯობია იმაზე იფიქროთ, საით მიგყავთ ეს ქვეყანა," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.