რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ მოდულის შენობა დატოვა.
ნიკა გვარამია გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის ბრძოლა თავისუფალი სიტყვის დასაცავად და ამას არავითარი კავშირი არ აქვს სახელმწიფო გადატრიალებასთან.
„შეკითხვებს ვერ გავამხელ, რადგან საქმე გრიფით საიდუმლოა და გაგვაფრთხილეს, რომ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადად ვისაუბროთ. მთავარი პრობლემა, რაც უკვე ჩანს, რომ გამოძიებას აქვს მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია, როგორც ჩანს, ძალიან ჭრით ყურს ტერმინები ბოევიკი, რევოლუციური სცენარი, შეიძლება ეს მართლა ეხამუშება ყურს, მაგრამ ცხადია, რომ აქ არავინ არ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას, საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაცვაზე.
"როგორი ფორმებით ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სიტყვის თავისუფლების დაცვას, ეს მათი პრობლემაა, მე შემიძლია ყველას მოვუსმინო, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ეს ჩვენი, რუსთავი 2-ის, გადაწყვეტილებაა. ჩვენ არც ბარიკადები გვაქვს ეზოში, არც ბოევიკები გვყავს ეზოს ირგვლივ,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, სიტყვის თავისუფლებასა და კომპანიის ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი 2-სა და მას პირადად მიხეილ სააკაშვილისგან დაფინანსება არასდროს არ მიუღია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში რჩება ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია. ნიკა გვარამიას განცხადებით, ბოკერია მოდულის შენობას, დაახლოებით 2 საათში დატოვებს.