
This is a modal window.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ 10 წარმატებული მეცნიერი ქალბატონი დააჯილდოვა.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების, მათ შორის, ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქალ მეცნიერთა ჩართულობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.