
This is a modal window.
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა შესაძლოა რუსეთის გახდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ომი, შტატებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა უნდა ჰქონდეს, იმისთვის, რომ ამერიკამ კიევის სამხედრო მხარდაჭერისთვის დახარჯული ფული უკან დაიბრუნოს.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მიღება სურს. საკითხზე სასაუბროდ ზელენსკის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიუნხენში 14 თებერვალს შეხვდება. 20 თებერვალს კი კიევში უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი ჩავა. უკვე ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაც, ზელენსკი თანახმაა ამერიკელ პარტნიორებს წიაღისეულზე წვდომა დახმარების სანაცვლოდ მისცეს.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე ტრამპს გერმანიის კანცლერი ესაუბრა. ინფორმაცია გერმანულმა ტელეარხმა "ენ ტი ვიმ" გაავრცელა. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შოლცმა ტრამპს მოუწოდა კიევის სამხედრო დახმარება გააგრძელოს.
ევროპის ქვეყნების ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე კვირას ბრიუსელში და მიუნხენში მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან გამართავენ. ცნობილი ხდება, რომ შეხვედრამდე ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა ჯერ ევროპის სახელმწიფოების პოზიციებს გაეცნოს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე