თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გრძელდება. ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოსთქვამენ.
ადვოკატებმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაუსაბუთებელ პუნქტებს და აღნიშნეს, რომ ლოგოსა და საერთაშორისო გადაცემების საავტორო უფლებების კუთხით ხალვაშის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა. ადვოკატებმა სარჩელის ამ ნაწილს "სასაცილოც" უწოდეს.
"ასევე უსაფუძვლოა ქიბარ ხალვაშის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაც, რადგან ეს პროცესი რომ დაიწყოს პირველ რიგში უნდა დადასტურდეს ქიბარ ხალვაშის მიერ საკუთრების უფლება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე. მოსარჩელეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც გაწეული ხარჯების და არც მიყენებული ზიანის თაობაზე, რაც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას რა თქმა უნდა გამორიცხავს,“ - აცხადებს რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
თავის მხრივ ძველ არგუმენტებზე საუბრობს ქიბარ ხალვაშის ადვოკატიც. პაატა სალიას მტკიცებით მას დღეს ადვოკატების დასკვნით სიტყვაში ახალი არაფერი მოუსმენია.
რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესის საბოლოო ეტაპი დღეს დილით დაიწყო. ადვოკატებმა ქიბარ ხალვაშის ფეისბუქ პოსტის საქმეში მტკიცებულებად დართვა ითხოვეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაც მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.