თანამზრახველობასა და თაღლითური სქემის ავტორობაში წყალმომარაგების კომპანიის ყოფილმა ბუღალტერმა თამარ ფხოველიშვილმა კომპანიის მაშინდელი გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი დაადანაშაულა.
ბრალდებული აცხადებს, რომ წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი ფულის გარკვეულ ანგარიშებზე გადარიცხვის სანაცვლოდ, ცაბუტაშვილი მას თანხის 20%-ს დაჰპირდა.
ბრალდებულის თქმით, არჩილ ცაბუტაშვილისგან იცოდა, რომ ამ საქმეში მფარველობას მათ ქართული ოცნების ყოფილი გენერალური მდივანი და პრემიერმინისტრის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი უწევდა.
საერთო ჯამში 2013 წელს, წყალმომარაგების კომპანიიდან 2,5 მილიონი ლარი გაქრა.
2 მილიონ ნახევარი ფხოველიშვილმა მისი და მისი მეუღლის სახელზე ახალადდარეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა. წყალმომარაგების ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა დღეს ბრალდებებზე დეტალურად საუბარი არ ისურვა. მან მხოლოდ სქემაში თანამონაწილეობა უარყო.
დაინტერესდა თუ არა გამოძიება ბრალდებულის მიერ დასახელებული გვარებით პროკურატურაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საგამოძიებო უწყებამ წყალმომარაგების თაღლითური სქემა 17 თებერვალს გახსნა და ფხოველიშვილის გარდა ბრალი მის მეუღლეს და კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს წაუყენა.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, თამაზ თხილიშვილი, სალომე ბოკუჩავა.