მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვები 19 ოქტომბერს დაიწყო, პირველი მოსამზადებელი სხდომა კი 17 სექტემბერს გაიმართა.
მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები კვირაში რამდენჯერმე ინიშნებოდა.
საქმის განმხილველი მოსამართლე ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდა რუსთავი 2-ის და TV საქართველოს იურისტების შუამდგომლობებს.
ამავე დროს მოსამართლემ სასამართლო დაბრაზიდან პროცესის დასრულებამდე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევა. იურისტების რამდენიმე შუამდგომლობის მიუხედავად ურთმელიძე ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრების წინააღმდეგი იყო და შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებდა.
რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები, ასვე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორიც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ. ამასთან ნიკა გვარამიამ და კომპანიის იურისტებმა უნდობლობა გამოუცხადეს მოსამართლე ურთმელიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.