ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან 2 დაკმაყოფილდა, თუმცა სწორედ ეს 2 იყო დავის ძირითადი საგანი. დღევანდელი გადაწყვეტილებით მან ასევე გააუქმა 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში შპს საქცემენტსა და გეოტრანსთან ხალვაშის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. მოსამართლე ურთმელიძეს 10 სხდომის ჩატარება დასჭირდა იმისათვის, რომ მოსარჩელე ხალვაში და მისი შპს პანორამა რუსთავი 2-ის 100 % წილის მფლობელებად გამოეცხადებინა.
გადაწყვეტილების დიდი ნაწილი მოსამართლე ურთმელიძემ მხოლოდ ხალვაშის წარმომადგენლებსა და მედიას გამოუცხადა, რადგან რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მოპასუხეთა იურისტებისთვის ჯერჯერობით უცნობია რა სამართლებრივი ნორმებით დაასაბუთებს მოსამართლე ურთმელიძე დღევანდელ გადაწყვეტილებას. დასაბუთებული დოკუმენტი მათ ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ, რის შემდეგაც ისინი დღევანდელ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
სარჩელის ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებით ხალვაშის ადვოკატი კმაყოფილია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება შესაძლოა მანაც გაასაჩივროს.
თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელად ჯერ ვერ ჩაითვლება. კანონიერ ძალაში შესვლამდე ანალოგიური გადაწყვეტილება კიდევ ორმა ზემდგომმა სასამართლომ უნდა მიიღოს. რეესტრში მფლობელთა მონაცემების ცვლილება შესაძლოა მხოლოდ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ მოხდეს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.