დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მთავრობის სხდომაზე, გადატვირთულ მოძრაობასა და გზებზე არსებულ საცობებზე ისაუბრა.
მერის თქმით, გზის ზოგიერთ ნაწილში შეფერხებული მოძრაობა კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან სამუშაოების არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მთავრობა წყვეტს კონტრაქტებს ამ კომპანიებთან.
"არის ზოგიერთი უბანი, სადაც საკმაოდ დიდია საცობები, გადატვირთულია გზები. ზოგიერთ ნაწილში ეს გამოწვეულია იმ სამუშაოების შეფერხებით, რაც კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან საქმიანობის არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმესთან გაწყდა მოქმედი ხელშეკრულება და გატარდა საკამოდ მკაცრი ფინანსური სანქციები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერის თქმით, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დარჩენილია სამუშაოები, გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და უახლოეს დღეებში გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები.
"ამ კომპანიების ნაცვლად, მინდა ბოდიში მოგიხადოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.