ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი უახლოეს დღეებში ახალი ჩანაწერების გავრცელებას ელოდება. მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ჩანაწერები რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე იქნება გაკეთებული.
როგორც დეპუტატი აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლები ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს აქეზებდნენ, თითქოსდა რაიმე გადატრიალება იგეგმებოდა.
"ეს ჩანაწერები უკანონოა და ამას ვერ დაამტკიცებს ვერავინ და გამოძიება ვერ გამოიყენებს მას როგორც მტკიცებულება. რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე დაძრწოდნენ სუს-ის თანამშრომლები. ჩვენ რამდენჯერმე შევამჩნიეთ, ეს ნიკა გვარამიამაც ახსენა. სუს-ის თანამშრომლები ახდენდნენ პროვოცირებას იქ მყოფი ადამიანების, რომ ვითომ რაღაც ძალადობრივ სცენარებთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ჩანაწერებსაც გამოაგდებენ," - მიხეილ მაჭავარიანი.