რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება ადეკვატურია და საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებებს ემთხვევა.
„შეფასება ზუსტად რომ ადეკვატურია. საზოგადოება გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო დაღვინდა და ნათლად ხედავს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა სამართლებრივ საკითხებზე, მით უმეტეს, როდესაც პროცესი დასრულებული არ არის, არ ღირს. დაკვირვება არამარტო ჩვენს მეგობრებს მართებს გარედან, საზოგადოებაც უნდა დააკვირდეს ამ პროცესებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მედიის დამოუკიდებლობას არ ექმნება და არ შეექმნას მომავალში საფრთხე,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლებაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებებს აბსოლუტურად ემთხვევა.
ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ რუსთავი 2-ის საკითხი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანიის საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის განმსაზღვრელი იქნება.
თავისუფალ დემოკრატებში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადეკვატურია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს პარტნიორები რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, რადგან ეს საკითხი დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველი კომენტარი გააკეთა.
ავტორი: ნატა მახვილაძე.