22 მარტი 2025,   18:38
ვრცლად
თურქეთის უდიდესი ქალაქები პროტესტის ეპიცენტრია - იზმირში და ანკარაში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      იზმირი, ანკარა და სტამბოლი - თურქეთის უდიდესი ქალაქები პროტესტის ეპიცენტრია. ათეულობით ათასი ადამიანი სტამბოლის დაკავებული მერის გათავისუფლებას ითხოვს.

      ღამით იზმირში და ანკარაში დემონსტრანტებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა. ძალოვნებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და "წიწაკის სპრეი" გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

      სტამბოლის შემდეგ ანკარის და იზმირის პროვინციების გუბერნატორებმა, ქალაქებსა და დასახლებებში დემონსტრაციების ჩატარება ხუთი დღით აკრძალეს. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მესამე დღეა დემონსტრაციები არ წყდება. 53 პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და საჯარო ქონების დაზიანების ბრალდებით აიყვანეს.

      პროტესტის ფონზე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა. სამართალდამცავებმა ძალადობის წახალისებაში ეჭვმიტანილი 54 პირი დააკავეს. მათ სოციალურ ქსელში პროვოკაციული პოსტების გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ.

      პროტესტს გამოეხმაურა რეჯეპ თაიფ ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტმა უარყო ოპოზიციის ბრალდებები, რომელიც მას სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს და კიდევ 106 დაკავებულის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ერდოღანი ოპონენტების მხრიდან პოლიციასა და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს.

      სტამბოლის მერს და მასთან დაახლოებული 106 პირის წინააღმდეგ თურქეთის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი მერი, მისი გარემოცვის წევრები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გამომძიებლის შეკითხვებს სავარაუდო კორუფციის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე პასუხობენ.

      ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

      დღის ამბები
      მეტი