
არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა, საპროტესტო აქციისთვის მზადების პროცესშია. მმართველი პარტიისთვის მორიგი შეკრება მესამე სექტორის მიზნების ლუსტრაციაა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დიდმა ენჯეოებმა, რომლებიც მათივე შეფასებით კონკრეტული გარე ძალების ინტერესებს ატარებენ დავალება მიიღეს და გაწერილი გეგმით მოქმედებენ.
დაანონსებული აქციის ორგანიზატორებმა, დღეს მედიასთან კომუნიკაციას თავი აარიდეს. თუმცა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ მარშის მიზანი ამერიკის კონგრესში წარდგენილი "მეგობარი აქტის" მხარდაჭერაა.
ენჯეოების მიერ დაორგანიზებულ აქციას ოპოზიციაც უერთდება. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა უნდა დაინახონ, რომ ევროპულ კურსს და ამერიკასთან ურთიერთობებს ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ხელისუფლები ოპონენტები უარყოფენ, რომ დაანონსებული მსვლელობა გარე ძალების მიერ ნაკარნახევი იყოს.
ოპოზიციის და მესამე სექტორის მცდელობას წარუმატებელს უწოდებს სახელისუფლებო პარტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ ფონზე მათთვის პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას გარკვეული ძალები სხვადასხვა გზით და მეთოდით ცდილობენ.
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "მეგობარი აქტი" დაახლოებით 2 კვირის წინ უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს და მასზე მსჯელობა გადაიდო. სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი აქტი საქართველოსი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე მომზადდა.