
ბუნების განახლების დღესასწაული - მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ქუჩებში სპორტულ და გასართობ აქტივობებთან ერთად, ტრადიციული კერძების დეგუსტაციაც მოეწყო, გაიმართა თეატრალური წარმოდგენები. დაინთო კოცონიც, რომელსაც ადგილობრივებისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას ნიშნავს.
"ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს "- ასე მიულოცა ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივებს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ერებს აერთიანებს.
ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
ორი ერის ტრადიციებსა და კულტურაზე საუბრობს მარნეულის მერი. კენან ომაროვი აქცენტს ორი ერის მეგობრობაზე აკეთებს, რომელიც ისტორიულად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს აკავშირებს.
ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე ადგილობრივებმა საკუთარი ნამუშევრები გამოიტანეს. იყო სპორტული შეჯიბრებებიც, პრემიერ-მინისტრმა დღეს სპორტსმენები დააჯილდოვა. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში სახალხო დღესასწაულია და ყოველწლიურად აღინიშნება.