"საქართველოს მომავალი იმარხება, ამ მომავლის გადარჩენა შეუძლია ხალხს და არა რუსთავი2-ს,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გააკეთა.
გვარამია ამბობს, რომ განჩინება არა ურთმელიძის, არამედ თეა წულუკიანის კაბინეტში მის მიერვე დაიწერა.
"დღეს ამ ტიპის გადაწვყეტილებები არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ სახელმწიფო უწყებებში, იუსტიციის სამინისტროში, კონრეტულად იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, კაბინეტში იწერება. ეს არ არის მოსამართლე ურთმელიძის მიერ დაწერილი განაჩენი. ქალბატონი წულუკიანიც პასუხს აგებს სახელმწიფო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. დღეს სახელმწიფო კაბინეტებში იგეგმება და იწერება სცენარი, თუ როგორ უნდა ჩაიგდონ დღეს, 2015 წლის ნოემბერში ხელისუფლება ხელში იმ ადამიანებმა, ვინც ამ ძალაუფლებას დაკარგავს 2016 წლის ოქტომბერში სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.
"დიახ, ამ ადამიანებმა პასუხი უმკაცრესად, კანონის ფარგლებში უნდა აგონ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გავიგეთ დილიდან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თუ, ალბათ, უფრო საშიშროების სამსახური აპირებდა უკრაინულ საიტებზე დამაგვირგვინებელი ვიდეო და აუდიომასალის ატვირთვას და მთავრობა ამ თემის გადაფარვას შეეცდებოდა. როგორც კი ეს გავიგე, მაშინვე დავინტერესდი რუსთავი2-ის ამბით და აღმოვაჩინეთ ეს განჩინება. ხელისუფლება ხვალ კონტრაქციას გეგმავდა.
"მეგობრებო, არ არის დრო, ვარჩიოთ ქინძი უფრო მნიშვნელოვანია, თუ ოხრახუში. დღეს საქართველოს მომავალი იმარხება. ამ მომავლის გადარჩენა ხალხს შეუძლია და არა რუსთავი2-ს,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.