
ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა, გაეროს ქსელთან და კვლევით ორგანიზაცია "გელაპთან" პარტნიორობით, მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში, გააანალიზეს ცხოვრების დონის გაუმჯობესება მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე. საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა სერბეთთან, ბულგარეთთან, ლატვიასთან და რუმინეთთან ერთად. მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველო წელს 91-ე ადგილზეა.
"მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა, სადაც, კვლევის მიხედვით, საქართველო ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივვადიანი გაუმჯობესებით, არის მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში. ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებში, როგორიც არის კორუფცია და თავისუფლება, ამ პარამეტრებში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის. საქართველო აგრძელებს კეთილსინდისიერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებულ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მაღალი ეკონომიკური ზრდით და კარგი რეფორმებით, საქართველო შეძლებს უკეთესი შედეგების დაფიქსირებას", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა.