
საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდობას, უყურონ ამ პროცესს, ნახონ, ვინ არიან ისინი, რომლებიც მოუწოდებენ, დადგნენ მათ მხარეს, ნახონ, რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს, დაესწრებიან თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომელბიც დაბარებული არიან და არის თუ არა მათი დასწრება სავალდებულო.
"სავალდებულოა და მათივე ინტერესია, რომ არ დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც სხვა დროს არაერთხელ დაურღვევიათ. იცით, რომ მის წინააღმდეგ განაჩენი არსებობს თაღლითობის გამო. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს. განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდობას, უყურონ ამ პროცესს, ნახონ, ვინ არიან ისინი, რომლებიც დღეს მოუწოდებენ, დადგნენ მათ მხარეს. ვინ არიან საქართველოს ის მოქალაქეები და ის უცხოელები, რომლებიც ამ რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ. დღეს ხომ იგივე სახელებია, რა გვარებიც გვესმის ევროპარლამენტიდან – რასა იუკნევიჩიანე და სხვები. ვინ არიან? ეს არის ხალხი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ეს არის ხალხი, რომელიც მას აგულიანებდა, 2021 წელს შემოპარულიყო საქართველოში და აერია ქვეყანა. ამიტომ, ყველამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ, რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე. ამ დღეებში რასაც ვისმენთ და კიდევ მოვისმენთ, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს. წამებებზე, ბიზნესის რეკეტზე – ყველაფერ ამაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული თავისი უცხოელი მფარველებისგან.
ამიტომ, ხვალაც მნიშვნელოვანი მომენტია, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეხეება ბიზნესის რეკეტს. დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი მედიაში. ბიემჯის ხელმძღვანელს, ბატონ ისაკაძეს თვითონ აქვს აღიარებული, თავისივე აღიარებაა, რომ ის იყო მონაწილე ბიზნესის რეკეტის. არ იცით, რომ აღიარა? სასამართლო პროცესზე, რომელიც შეეხებოდა ბანკი "ქართუს" გაკოტრებას. იმ პროცესში აღიარებულია და მის მიმართ გადაწყვეტილებაა გამოტანილი, განრიდება ან რაღაც საპროცესო შეთანხმება იქნებოდა, ვინაიდან ის იყო თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის სქემისა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო მოწყობილი. ამ სქემის მონაწილეები, ბიზნესის რეკეტიორები, ისაკაძის მსგავსი მორალის ადამიანები დღეს საუბრობენ ბიზნესზე, ბიზნესის თავისუფლებაზე.
სინამდვილეში, მათ აქვთ ერთი სურვილი, რაიმენაირად მობრუნდნენ ხელისუფლებაში და მიიღონ ის ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ და რომელსაც შემდეგ უნაწილებდნენ ისაკაძისა და ხაზარაძის მსგავს ვითომ ბიზნესმენებს, რათა რეკეტი ეწარმოებინათ სხვა ბიზნესების და რაც შეიძლება მეტი ქონება მიესაკუთრებინათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პროცესს უყუროს ყველამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ვის გვერდში დგანან – ისაკაძე, რომელიც ბიზნესის რეკეტის სქემაში იყო ჩართული, ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილეა ერთ-ერთი ბანკის გაკოტრებისა.
შეგახსენებთ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩართული იყო ბანკის გაკოტრებაში. მაშინ კანონები მოარგეს სპეციალურად იმ სქემის შესაქმნელად, რომელშიც ისაკაძე მონაწილეობდა, რათა ბანკი "ქართუ" გაეკოტრებინათ. ამ კანონების ცვლილებას ის უწევდა ლობირებას, უფრო სწორად, ამართლებდა, თითქოს რაღაც ევროპული სტანდარტი იყო. ამ მოძალადე, რეკეტიორ ადამიანებთან გვქონდა საქმე. დღესაც ზუსტად იგივე ხალხია, რომელიც ვითომ ოპოზიციას წარმოადგენს. ზუსტად იგივე ხალხია, ვინც ქუჩაში დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.