
თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისი ვითარდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.
"არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მათ ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულები არიან მარცხისთვის. რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ - გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ - არა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს შესაბამის არჩევანს - მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქების კეთილდღეობას, მხარს დაუჭერს იმას, რომ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც გვაქვს დღეს რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში, გაეცეს ღირსეული პასუხი. თქვენც ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება თუნდაც დედაქალაქი, რამდენი კარგი პროექტი ხორციელდება და ამას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი რადიკალი ვერ შეაჩერებს", - განაცხადა კახა კალაძემ.