20 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"მთელი ამ პროცესის და განჩინების ერთადერთი მიზანი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“ - ანა ნაცვლიშვილი

"შეუძლებელია ამ განჩინებას ვინმე დაეთანხმოს, ვისაც შეხება აქვს სამართალთან, რადგან ამ განჩინებაში არ არის არანაირი დასაბუთება მასში მოცემული გადაწყვეტილებებისა," - ასე ეხმაურება საია-ს თავმჯდომარე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გუშინ გამოტანილ განჩინებას. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება, რომელშიც არ არის საუბარი არცერთ მტკიცებულებაზე, მხოლოდ თეორიული მსჯელობაა და მისივე განცხადებით, ამას მოსამართლე არაფრით ამყარებს. 

„ერთადერთი, რა ფუნქციაც აკისრია ამ კონკრეტულ პარაგრაფებს მოცემულ განჩინებაში არის ერთის მხრივ შემაშფოთებელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს პარაგრაფები ცხადს ხდის იმ რეალობას, რომელზეც საზოგადოებას დიდი ხანია ქონდა დასაბუთებული ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის და კონკრეტულად ამ განჩინების ერთადერთი მიზანი იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,“ - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი. 

რუსთავი 2-ის შენობასთან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი იმყოფება. სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება სამართლებრივი ჩარჩოებიდან არის გასული და ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოწყვეტილია.

სოფო ვერძეულის განცხადებით, ხელისუფლებამ ხისტი და რადიკალური მეთოდები გამოაჩინა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვერდი აუარა.

ვერძეული ხელისუფლებას მიმართავს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე რეპრესიული მეთოდის გამოყენება არ დაუშვას. 

დღის ამბები