სახალხო დამცველი რუსთავი 2-თან დაკავშირებით გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
"უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლე დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებების“ გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია. სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.
სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება, ყადაღა დაედო კომპანიის როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას.
შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.
ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა „რუსთავი 2-მა“ და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში.
მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც დროებითი მმართველებისათვის განჩინებაში მითითებული სხვა უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებით მმართველებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობის, მართვის, ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91მუხლებით, რაც ფაქტობრივად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების და დირექტორების სრული უფლებამოსილებების დროებითი მმართველებისათვის გადაცემას გულისხმობს.
ამ ფონზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა.
სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი“, თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები - რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია „რუსთავი 2-ზე“ როგორც მესაკუთრე და დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით დვალი დაჯარჯი აქიმიძე სასამართლო დავაში, მოსარჩელე მხარე ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობის დეტალებზე საუბრობენ, მის სასარგებლოდ სასამართლო დავის დასრულების შემთხვევაში. ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.
როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ. ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად, ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.
ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობასა და მისი ბუნების განუჭვრეტელობაზე მეტყველებს. მაშინ როცა, იმისათვის რომ იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი უზრუნველყოფით, ნებისმიერ სხვა, მათ შორის საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათლად და ზუსტად დასაბუთებული. რასაც 5 ნოემბრის განჩინების შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ მწვავე უფლებადარღვევებთან ერთად, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს," - ნათქვამია განცხადებაში.